სტატიები





http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1551267292.pdf?fbclid=IwAR2fMNeGQDXMYq2W7XdxMN2RpGDi9pU06rUd17IRzJzp19aVyd04-JYrBlI

                                               შეკითხვების დასტა
(„მე და საზოგადოების სწავლების საკითხების გასააზრებლად)

2018-2019 სასწავლო წელს ახალი საგნის ,,მე და საზოგადოება“ სწავლება დაინერგა სკოლებში,  III-IV კლასებში კვირაში ორსაათიანი დატვირთვით. საგანი მოსწავლეებს აცნობს სოციალურ გარემოს,  სხვადასხვა ყოფით თემას, როგორებიცაა:  ოჯახი,  წინაპრები, მეგობარი,  სკოლა, უფლებები, მოვალეობები და ასე შემდეგ.
მე, როგორც ამ საგნის ერთ-ერთი პედაგოგს, გამიჩნდა სურვილი, გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები და გამოცდილება ახალი საგნის შესახებ. დავიწყებ იმით, რომ  ბევრი მითქმა -მოთქმა არსებობდა ამ საგნის ირგვლივ. მაშინ აზრადაც არ მომსვლია,  რომ ამ საქმის შესრულება მეც მომიწევდა. ვისმენდი, თუმცა არ ვიყავი ისეთი დაინტერესებული, რომ მუდმივად მედევნებინა თვალყური, მაგრამ როგორც პედაგოგი მაინც ვინტერესდებოდი იმ საგნით,  რომელიც სიახლე უნდა ყოფილიყო და მის ირგვლივ უკვე ამდენი მოსაზრება თუ მითი ტრიალებდა. ზაფხულში, როცა ამ საგნის ტრენინგზე დაგვიძახეს, სიმართლე გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ტრენინგი სახელმძღვანელოს გარეშე გავიარეთ  და ტრენერის მიერ დასახელებული თემები ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდა  სამოქალაქო განათლებისა და ბუნებისმეტყველების საკითხებს. მეც ისევე,  როგორც სხვა დამსწრე პედაგოგებს, გამიჩნდა კითხვა ამას ხომ ისედაც ვასწავლით?
ახლა კი, როცა მაქვს საგნის სწავლების გარკვეული გამოცდილება, მინდა შევაჯამო პირველი სემესტრი. ,,მე და საზოგადოების“ თავისებურება ის არის, რომ შინარსის სწავლება არ მოითხოვს სპეციალურ საგნობრივ ცოდნას. სკოლაზე, ოჯახზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე მსჯელობა არც მოსწავლეებისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. მუშაობის მომენტში გამოვლინდა ბევრი ძალიან საინტერესო სადისკუსიო თემა, რაც  ხელს უწყობს  მოსწავლეებს, ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობის, პრეზენტაციის, აღმოჩენების გაკეთების უნარები. ჩემი გამოცდილებით აღვნიშნავ საგნის რამდენიმე ძლიერ მხარეს.
საგნის დანერგვისას აქტიურად განიხილებოდა, ვის უნდა ესწავლებინა იგი და მოგვიანებით გადაწყდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო დაწყებითი კლასის მასწავლებელი ან დამრიგებელი. ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვრწმუნდები, რომ ეს არის ზუსტი მიგნება სამინისტროს მხრიდან. საგნის სტანდარტი იმგვარადაა აგებული, რომ პედაგოგი გვერდს ვერ აუვლის კითხვას რა უნდა გავაკეთო, რომელი აქტივობით უნდა ჩავანაცვლო ესა თუ ის თემა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად გამოვიყენო. ასევე ძლიერი მხარეა ის, რომ პედაგოგი არ არის შეზღუდული და აქვს ყველანაირი შესაძლებლობა გაკვეთილი ისე დაგეგმოს, როგორც სურს. პირველ სემესტრში გავლილი საკითხებიდან გვერდს თითქმის ვერცერთს ვერ ავუვლი.  ჩემი ოჯახი - ამ საკითხის განხილვისას მოსწავლეებმა ისეთი პრეზენტაციები წარმოადგინეს, პირველ გაკვეთილზევე ვიგრძენი საგნის სწავლების აუცილებლობა და  მაშინვე გამიქარწყლდა  კითხვა- ამას ისედაც ხომ ვასწავლიდით? მივხვდი, რომ რომელიმე გაკვეთილზე ამ საკითხებისთვის დათმობილი ხუთი წუთი არასაკმარისია. ბევრს გაუჭირდა წინაპრების სახელისა და გვარის გახსენება, დააზუსტეს მშობლებთან, თავი მოუყარეს ინფორმაციას და ისე მოამზადეს პრეზენტაციები.
      როგორც ვიცით, საკლასო გარემოზე, მეგობრებზე, თანატოლებზე, კონფლიქტების მოგვარებაზე მსჯელობა მოსწავლეებს უყალიბებს ღირებულებათა სისტემას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. გაკვეთილზე  პასუხების განხილვისას ძალიან ბევჯერ დამაფიქრა მათმა მსჯელობამ. თვალნათლივ დავინახე თაობათა ცვლა. როგორ გაზრდილან III-IV კლასელები და ვერ ვამჩნევდით ამას ბუნების, ქართულისა და მათემატიკის გაკვეთილებზე.  დავფიქრდი კიდევ ერთ საკითხზე. ხომ შეიძლება, მორცხვ, გაუბედავ მოსწავლეს ერთხელ თავისი სახლის ბინადრებზე სურდა საუბარი და ვერ ბედავდა, ან ფიქრობდა რომ ამდენ დროს ვერ დავუთმობდით და ვერ მოვუსმენდით. ახლა მას რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა იმისთვის, რომ გაგვეცნო მისი გარემო, საყვარელი ადამიანები თუ საგნები,  თუნდაც ყვავილი, რომელზეც ის ზრუნავს.
რა თქმა უნდა, საგნის სწავლებას ასევე გააჩნია საფრთხეებიც.  ეს საგანი ორი წლის განმალობაში საზოგადოების განხილვის თემა იყო, მისი სწავლებისას ვიგრძენი დიდი  პასუხისმგებლობა, რომელიც მე  დამეკისრა. მთელი სემესტრის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ რომელიმე გაკვეთლის დაწყების წინ კართან დამხვდებოდა  მშობელი კითხვების  „ დასტით“ , იქნებ რაიმე საეჭვოდ მოეჩვენა, თუმცა ნებისმიერი საგნის სწავლებისას შეიძლება ვნახოთ წინადადება ან ფრაზა, რომელიც განხილვის საგანი შეიძლება გახდეს. 
მუშაობის პროცესში იყო სიტუაცია, როდესაც კითხვით მოვიდა ჩემი კოლეგა- მასწავლებელი, რომელიც დაწყებით კლსებში სხვადასხვა საგნის პედაგოგია და დაინტერესდა, როგორ ვასწავლიდით მოსწავლეებს მათ უფლებებს.  მომიყვა ამბავს, რომ წინა ღამით, დაახოებით 23.00 საათზე  მისმა მესამეკლასელმა შვილმა ვახშმის მირთმევა ისურვა.   რა   თქმა უნდა, დედა შეეწინააღმდეგა, მაგრამ ბავშვისგან პასუხად მიიღო, რომ მას აქვს ჭამის უფლება. კოლეგამ მთხოვა რჩევა - კონკრეტულ სიტუაციაში რა შეიძლება უპასუხოს ბავშვს. ძალიან დამაფიქრა ამ საკითხმა და მე მას ავუხსენი, რომ უფლებების შემდეგ მოდის გაკვეთილის თემა - მოსწავლის მოვალეობები. თუმცა მოსწავლემ ძალიან კარგად „ისარგებლა“ თავისი უფლებების მოთხოვნით, სანამ გაეცნობოდა საკუთარ მოვალეობებს. ამ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ სწავლების პროცესში უფლება-მოვალეობები გამეერთიანებინა, დამეთმო ორი სამი-საათი და “უფლება“ „მოვალეობათან“ ერთად, ერთდროულად მესწავლებინა. მაგალითად, როდესაც ვისწავლეთ, რომ მოსწავლეს აქვს ჭამის უფლება, აქვე განვიხილეთ დღის რეჟიმის დაცვის ვალდებულებაც. როდესაც მოსწავლემ გაიგო, რომ მას აქვს უფლება, იყოს ოჯახის სრულფასოვანი წევრი და მის აზრს პატივი სცენ ოჯახის წერებმა, აქვე გავიაზრეთ, რომ თვითონაც ვალდებულია, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები: ისწავლოს,  პატივი სცეს უფროსებს და დაიცვას ოჯახის ღირსება. ზემოთ ხსენებული ამბავი, რომელიც კოლეგისგან მოვისმინე, ვაქციე სიტუაციად და განვიხილეთ გაკვეთილზე. მოსწავლეებმა დაასკვნეს ჩვენი უფლებების გაცნობა არ ნიშავს იმას, რომ დავივიწყოთ მოვალეობები.
ამრიგად, ჩემი აზრით, ,,მე და საზოგადოების“  სწავლებისას მოსწავლეები შეიძენენ სოციალიზაციისთვის საჭირო უნარ- ჩვევებს, ასევე ყოველდღიურად ხდება მათი პიროვნული განვითარება და, რაც მთავარია, ადრეული ასაკიდან ეჩვევიან თავისუფალ აზროვნებას. რეკომენდაციის სახით კი კარგი იქნებოდა,წიგნის ავტორი  პედაგოგების გამოცდილებას თუ გაითვალისწინებს , თუნდაც  ზემოთ ხსენებული ჩემს მიერ მიგნებული მეთოდისა (უფლებებისა და მოვალეობების ერთად მიწოდება), ვფიქრობ, მუშაობის პროცესში კიდევ წამოიჭრება მრავალი სიახლე თუ რეკომენდაცია, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია კოლეგების მიერ ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება ან გარკვეული კომუნიკაცია მშობლებთან, თუნდაც რომელიმე საგანმანათლებლო გაზეთში (ჟურნალში)  პერიოდული რუბრიკის გამოყოფა ამ ახალდანერგილი საგნის საკითხებზე მსჯელობისათვის.

თბილისის სსიპ. 147-ე  საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგი ელენე ჯელაძე
                                                                                                                                                                                                                                          



სტატია #2

მე და საზოგადოება/ მათემატიკა
ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი











             

6 комментариев:

  1. სტატია ძალიან საინტერესია, რეკომენდაციები კი გასათვალისწინებელი

    ОтветитьУдалить
  2. მეორე სტატიაც დაგიმატებიათ, როგორი სახალისო იქნება ამ გაკვეთილის ჩატარება

    ОтветитьУдалить
  3. საინტერესო სტატიებია, საინტერესო და აქტუალური.

    ОтветитьУдалить
  4. სიამოვნებით და სიამაყით წავიკითხე ელენე, ყოჩაღ! <3 <3 <3

    ОтветитьУдалить